საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრა და „ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში“ სპეციალურ გაკვეთილს დაესწრო, რომლის თემაც იყო „დემოკრატიული ფასეულობები და ადამიანის უფლებები“. „ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში“ შეხვედრას სატელევიზიო დიალოგის ფორმატი ჰქონდა და იყო ნაწილი გადაცემათა ციკლისა „სტუმარი ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში“. მოზარდებს საშუალება ჰქონდათ სტუმრებისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის თანამშრომლობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა ახალგაზრდებთან; განათლების სამინისტროს ახალგაზრდული პროგრამები, ახალგაზრდების პრობლემები საქართველოში და ამერიკაში - დასაქმება, თავისუფალი დროის დაგეგმვა/მართვა და ა.შ.
გაკვეთილზე მოწვეული იყვნენ სტუმრები განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან, ასევე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები.
„ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში“ ბორჯომელი ახალგაზრდები, სკოლის შემდგომ სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართულები, მათ შორის სხვადასხვა აქტუალურ თემაზე სატელევიზიო გადაცემებს ამზადებენ. ამჟამად ცენტრის წევრია 20 უფროსკლასელი - ბორჯომის 4 და სოფელ ყვიბისის ერთი საჯარო სკოლიდან.