საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოსწავლეებმა საინჟინრო ტექნოლოგიების, პროგრამირებისა და მათემატიკის მიმართულებით შექმნილი საკუთარი პროექტები წარმოადგინეს. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოყენებით ოპტიკაში, ელექტროობასა და მაგნეტიზმში შექმნილმა პროექტებმა, მოსწავლეების მიერ შექმნილმა საგანმანათლებლო რობოტოტექნიკამ და მათმა პროგრამირებამ, აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმასახურა.
მოზარდებმა პროექტები, STEM (Science, Technology, Engineering, Mathematics) - საგანმანათლებლო სისტემაზე დაფუძნებული კურსების ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნეს. აღნიშნული კურსები სკოლებსა და ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტს შორის აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება. კურსებს ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით სონღულაშვილი და ფიზიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებიან.
კლასგარეშე კურსი STEM-ით დაინტერესებულ მოსწავლეებს ხელნაკეთი ლაბორატორიების, საბუნებისმეტყველო საგნებისთვის ელექტრონული რესურსებისა და ვიზუალური-თვალსაჩინო მასალების შექმნაში ეხმარება. გაკვეთილებზე მოსწავლეებს თეორიული ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, მისი პრაქტიკული გამოყენების თვალსაჩინოდ ნახვის საშუალება აქვთ, რაც მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მოტივაციას ამაღლებს და ინტერესს ზრდის ინოვაციური სამეცნიერო ტექნოლოგიების მიმართ.