საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საერთაშორისო სემინარი გაიმართა თემაზე „განვითარებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. სემინარის მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შეხვდა.
სემინარის მიზანს წარმოადგენდა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით იმ საკითხთა იდენტიფიცირება, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას და ამ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებას საჭიროებენ.
სემინარის ფარგლებში გაიმართა დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და ბელარუსი) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარების გამოწვევებზე. ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები გაუზიარეს.
ფლანდრიის რეგიონის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროექტის უფროსმა ხელმძღვანელმა ნოელ ვერკრუსემ ისაუბრა ხარისხის უზრუნველყოფაში ბოლონიის პროცესის შეთანხმებულ ვალდებულებათა განხორციელების გამოწვევების შესახებ.
ავსტრიის ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა აქიმ ჰოფბახმა სემინარის მონაწილეებს ავსტრიის მაგალითი გაუზიარა - როგორ ჩამოვაყალიბოთ განვითარებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფა.
გერმანიის აკრედიტაციის სააგენტო ASIIN-ის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელმა იანა მიორენმა მიმოიხილა, ნდობის დანერგვისა და აღიარების ხელშეწყობის პარალელურად როგორ ხდება გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ანგარიშვალდებულებასა და განვითარებას შორის ბალანსის უზრუნველყოფა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი შარვაშიძემ საქართველოში ბოლონიის პროცესის განხორციელებისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების შესახებ ისაუბრა.
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) დირექტორის მოადგილემ პაულა რანემ წარმოადგინა პრეზენტაცია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA), როგორც უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების წარმომადგენელის შესახებ.
ლიტვის აკრედიტაციის სააგენტოს (SKVC) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნორა სკაბურსკიენემ ისაუბრა ლიტვაში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფის ინტერნაციონალიზაციის, გამოწვევებისა და უპირატესობების შესახებ.
პოლონეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის აპარატის ანალიზისა და სტრატეგიის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბართლომეო ბანაზაკმა პოლონეთში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების გამოწვევები გააცნო სემინარის მონაწილეებს.
უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის ესტონური სააგენტოს დირექტორმა ლიია ლაურიმ მიმოიხილა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა, ENQA-ს და EQAR-ის წევრობა, გამოწვევები და უპირატესობები.
სემინარზე სამუშაო ჯგუფებმა განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების გამოწვევები, საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფა და სამომავლო პერსპექტივები: რა წვლილის შეტანა შეუძლია ურთიერთთანამშრომლობას (networking) ხარისხის უზრუნველყოფაში.
სემინარს უცხოელ სტუმრებთან ერთად, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.