სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) აბიტურიენტებისათვის ორდღიანი სემინარი - STEM აკადემია დაიწყო. სემინარის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ამერიკელ პროფესორებსა და ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის დისციპლინებით დაინტერსებულ აბიტურიენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შეხვდა და სამეცნიერო STEM აკადემია გახსნილად გამოაცხადა.
STEM აკადემიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორმა საქართველოში ჯენერ ედელმანმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა პროფესორმა კენ უოლშმა.
ამერიკელი მეცნიერების საქართველოში ვიზიტის მიზანია საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM - Science, Technology, Engineering, Math) დარგებით დაინტერესებული უფროსკლასელებს გააცნონ ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ინჟინერიის სფეროს უახლესი აღმოჩენები და მიღწევები, აშშ-ის უმაღლესი განათლების სისტემა, საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო თემები.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში 2015 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში.
კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.