კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში „შუა საუკუნეების საგანძური“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ასახავს იმ კულტურული ტრადიციების ერთიანობას და უწყვეტობას, რომელთა საფუძველზე ყალიბდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითშეგნება.
ეროვნული მუზეუმში ასევე გამოიფინა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული X-XVIII საუკუნეების ხელნაწერები და თამარ მეფის დაკვეთით გადაწერილი, მდიდრული ორნამენტული დეკორით და ძვირფასი ქვებით შემკული, XII-XIII საუკუნეების ვანის ოთხთავი.
გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა უნიკალურ ხატებს, ნაქარგობის ნიმუშებს, ქვის, ხის და შუა საუკუნეების სხვა გამორჩეულ ექსპონატებს, V-VI საუკუნეების ჩვენამდე მოღწეულ მოზაიკის უძველეს ნიმუშებს ბიჭვინთიდან. ნაქარგობის XII-XVIII საუკუნეების უნიკალური ნიმუშები ნათლად ასახავს ნაქარგობის ევოლუციის პროცესს. ექსპოზიციაზე ქართული ხელოვნების შედევრებთან ერთად წარმოდგენილი იყო შუა საუკუნეების ის ტექნოლოგიები და ხელსაწყოები, რომლებიც გამოიყენებოდა მათ შესაქმნელად.
გამოფენა საშუალებას იძლევა, ერთიან კონტექსტში წარმოვაჩინოთ ქართული ქრისტიანული ხელოვნების თვითმყოფადობა და განვითარების უწყვეტი გზა, რომელიც წინარექრისტიანულ ხელოვნებაში იღებს სათავეს.