სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს განაცხადების მიღებას მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განსახორციელებლად.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“, მიმდინარე წლის 30 ივნისის ჩათვლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარმოადგინონ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები.
მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები უნდა შემუშავდეს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად (იხ. დანართი).
მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად, სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პროგრამის ხანგრძლივობის (დღეებსა და ასტრონომიულ საათებში), პროგრამის ღირებულების (ერთ მოსარგებლეზე გათვლილი ღირებულება, ჯგუფში მოსარგებლეთა როგორც მინიმალური, ასევე მაქსიმალური რაოდენობის გათვალისწინებით), ასევე პრაქტიკული და თეორიული სწავლების თანაფარდობის შესახებ.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიწოდების პირობებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ თანდართულ დოკუმენტში - "საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №238 დადგენილება ,,სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ".