განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის საპილოტე კურსი დაინერგა. პროგრამის განვითარებისა და საუკეთესო მოდელის შესწავლის მიზნით, მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ლევან ზარდალიშვილი, ცენტრის ფსიქოლოგები და კარიერის დაგეგმვის გუნდის წარმომადგენლები, ჩეხეთის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიწვევით, ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ჩეხეთში დიდი ხანია ეს პროგრამა მიმდინარეობს, გაიარა განვითარების სხვადასხვა ეტაპი და დღეს, ერთ-ერთ წარმატებულ მოდელადითვლება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროში, სადაც სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ვრცელი პრეზენტაციები წარმოადგინეს ჩეხეთის განათლების სისტემისა და იმ ახალი მიდგომების თაობაზე, რომელიც სწავლის ხელმისაწვდომობას, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და შედეგზე ორიენტირებულ სწავლა/სწავლებას უზრუნველყოფს.
პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები სკოლებში კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის პრაქტიკოს პედაგოგებს შეხვდნენ და კურსის წარმატებით განხორციელების მიმართულებით ტრენინგიც გაიარეს.
მიღებული ინფორმაციის განხილვის შემდეგ, ქართული დელეგაციის წევრები შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და მათ შემდგომ საქმიანობაში გამოიყენებენ. წარმატებული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება აუცილებელია განათლების სისტემის განვითარებისთვის.