ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები, ბევრ წარმატებულ პროექტთან ერთად, ჩეხი კოლეგების ინკლუზიური განათლების მიმართ განსაკუთრებულ მიდგომებსა და მიღწეულ შედეგებსაც გაეცნენ. მათ, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩეხეთის კონსერვატორიასთან არსებული სპეციალიზირებული სამუსიკო სკოლა და სკოლა-პანსიონი დაათვალიერეს.
ჩეხეთის კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო სკოლაში, რომელიც განკუთვნილია უსინათლო და სუსტადმხედველი მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, სურვილის შემთხვევაში, სწავლის შესაძლებლობა ნებისმიერ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არმქონე ახალგაზრდასაც შეუძლია. განსაკუთრებულია ასეთი მიდგომა და ის მეთოდები, რაც ამ სასწავლებელშია დანერგილი. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი, რომ პედაგოგთა ნაწილი თავად უსინათლო ან სუსტადმხედველია, აქ მოსწავლეები სხვადასხვა მუსიკალურ საკრავზე დაკვრასთან ერთად, ინსტრუმენტის აწყობასაც სწავლობენ და პროფესიასაც იძენენ. ამავე დღეს, ქართული დელეგაციის წევრებმა სპეციალიზირებული სკოლა-პანსიონიც დაათვალიერეს და იმ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს გაეცნენ, რასაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას სპეცმასწავლებლები და ფსიქოლოგები იყენებენ.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდები ჩეხეთის ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრის რეკომენდაციით ხვდებიან, რომელიც ასამდეა მთელ ჩეხეთში.
მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის ლევან ზარდალიშვილის განცხადებით, ჩეხეთის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იყო და იგი აუცილებლად აისახება ქართველი კოლეგების საქმიანობაზე.