ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IChO-48) მზადება აქტიურ ფაზაშია. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება ქიმიაში. „ოლიმპიადა 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად, 2016 წლის 23 ივლისიდან 1 აგვისტომდე, საქართველოში 80 – მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ჩამოვა.
ოლიმპიადის მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეო, შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და ტურიზმის დეპარტამენტთან.
მხარდაჭერისა და დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, ბიზნეს სექტორს და იმ კომპანიებს შეხვდა, ვისაც შეხება აქვს ქიმიურ მრეწველობასთან და ზოგადად ქიმიასთან. ასევე მათ, ვისთვისაც სოციალური პასუხისმგებლობა პრიორიტეტულია.
მინისტრის განცხადებით, ქიმიის ოლიმპიადას ბიზნეს სექტორიდანაც ძალზე მასშტაბური მხარდაჭერა ექნება და მიღებული დამატებითი რესურსები მოსწავლეებში ქიმიის პოპულარიზაციას მოხმარდება.