უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამომავლო პლატფორმის შემუშავების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საორგანიზაციო შეხვედრა შედგა, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის 60-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრის მონაწილეებთან ისეთ საკითხებზე იმსჯელა, როგორიცაა გარე რეფერირება, ავტონომია, აკადემიური თავისუფლება და ა.შ. ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც უმაღლეს განათლებას უკავშირდება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო ასრულებს დაპირებას. კერძოდ, შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ღიაა ნებისმიერი დაინტერესებულისთვის, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში, იქნება განათლების რეფორმა, ხარისხის გაუმჯობესება, პროცესებში სტუდენტთა მონაწილეობის გაზრდა, სტუდენტური ცხოვრების მოწესრიგება და სხვა. მისივე თქმით, სამინისტრო არ აპირებს, გააგრძელოს პრაქტიკა, რომელიც კვლავ დაუსრულებელი მოლაპარაკებების რეჟიმში წარიმართება, რადგან სასწრაფოდ გადასაწყვეტია კონკრეტული ამოცანები. შესაბამისად, მომდევნო შეხვედრა მთავრობის მიერ აშენებულ ახალ საერთო საცხოვრებელში გაიმართება, სადაც განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ.
შარვაშიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მხრიდან არსებობს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლშიც ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი განათლებას უკავია. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ არათუ პოლიტიკური ნება, არსებობს მზაობა, რადიკალური, სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიდგას უმაღლესი განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად.
„სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლის თორნიკე ჩივაძის თქმით, მინისტრის მოადგილესთან უკვე ჩამოყალიბდნენ მომდევნო შეხვედრაზე, სადაც საერთაშორისო სტანდარტებზე იმსჯელებენ. შეხვედრას „აუდიტორია 115“-ის წევრებიც ესწრებოდნენ თუმცა, მათ შეხვედრა დატოვეს.