ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ინიციატივით პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა. პირველი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის" საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ჩატარდა.
შეხვედრა გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
კონფერენციაზე განიხილეს გზები თუ როგორ შეიძლება ადამიანური კაპიტალის განვითარება და პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება. პარალელური სემინარები დაეთმო თემატურ დისკუსიებს თემებზე: საჯარო-კერძო პარტნიორობა, პროფესიული განათლებაში ჩართულობის გაზრდა და სამუშაოზე-დაფუძნებული სწავლების მოდელები.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 250-მდე უცხოელმა და ქართველმა დელეგატმა სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე ბიზნეს სექტორის მაღალი რგოლის მენეჯერებმა, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშიროსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. საერთაშორისო ექსპერტებმა გერმანიის, დიდი საჯარო-კერძო პარტნიორობის კუთხით ბრიტანეთის, ირლანდიისა და ავსტრალიის გამოცდილებები წარმოადგინეს, რაც დაეხმარება მთავრობას, ასევე კერძო სექტორს, შეიმუშაონ თანამშრომლობის ისეთი მოდელები, რომელიც გაითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და მორგებული იქნება ადგილობრივ გარემოზე.