თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა -“ამბასადორიალი 2016” გაიხსნა. ამბასადორიალის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები გაწეულ საქმიანობას შეაფასებენ და მომავალი წლის სამუშაო გეგმებს დასახავენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები.