საქართველოს განათლების სისტემაში რეფორმების აქტიური ფაზა იწყება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სისტემის შემადგენელი სხვადასხვა რგოლის წარმომადგენელთა მოსაზრებები ახალ ხედვებთან, დასახული მიზნების მიღწევის გზებსა და თანამშრომლობის ფორმატთან დაკავშირებით. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საჯარო და კერძო სკოლების დირექტორების მორიგ ჯგუფს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს დირექტორთა სათათბიროს შექმნის საკითხი. ალექსანდრე ჯეჯელავამ დირექტორებს ასევე გააცნო ზოგადი განათლების რეფორმირებისა და განვითარების მისეული ხედვები. მინისტრმა სკოლის დირექტორების მოსაზრებებიც მოისმინა და პრაქტიკოსი დირექტორების მიერ გაჟღერებული გარკვეული პრობლემებიც, რომელსაც სამინისტრომ აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოს რეფორმების დაწყებამდე.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც დირექტორთა საბჭოს საქმიანობის ფორმატთან დაკავშირებით მოამზადებს რამდენიმე ალტერნატიულ ვერსიას. პროექტს საქართველოს ყველა სკოლის დირექტორი განიხილავს და შემდეგ შეჯერდებიან თუ როგორი უნდა იყოს დირექტორთა მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც როტაციის წესით იმუშავებს და სისტემატურად შეხვდება მინისტრს და ზედა დონის მენეჯმენტს, რათა უფრო აქტიური გახდეს თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სკოლებსა და სამინისტროს შორის.