პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობით შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სისტემის კონცეფცია, რომლის მიზანია პროფესიულმა კოლეჯებმა მოამზადონ ისეთი კადრები, რომლებიც ადვილად იშოვნიან სამსახურს და იქნებიან ბიზნესზე ორიენტირებულნი.
მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიესალმა, რომელმაც პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივებსა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია დაინერგოს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ქართული მოდელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის საჭიროებებს მოერგება.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა ტიპის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელი, მათი თავისებურებები და რელევანტურობა საქართველოს პროფესიული განათლების სივრცისთვის, მათ შორის გერმანულ-შვეიცარიულ-ავსტრიული დუალური სწავლების მოდელი.
გაეროს განვითარების პროექტმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ახალი მოდელი, რომელიც შეიქმნა დუალური სწავლების პრინციპზე დაყრდნობით და ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკისა და განათლების სისტემის სპეციფიკას. მოდელის დანერგვა დაიწყება მიმდინარე წლის შემოდგომით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
ჯგუფებში მუშაობის ფორმატში მონაწილეებმა დისკუსია გამართეს ახალი მოდელის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევების ირგვლივ და მოამზადეს რეკომენდაციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარების ოფისის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხელმძღვანელები.