საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გია შარვაშიძემ არაავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. შარვაშიძის განმარტებით, ისეთი უნივერსიტეტები, როგორიცაა ოდესის საერთაშორისო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტი და კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არ ფიქსირდება, ვინაიდან მათ არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი პროცედურა - ავტორიზაცია.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც.
ავტორიზაციას არ ექვემდებარება მხოლოდ, სუბიექტი, რომელიც არ გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს და ფიზიკური პირი, რომელიც ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.
შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არც ოდესის საერთაშორისო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს, არც შპს კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტს და არც შპს კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოსამზადებელ ცენტრს არ გააჩნიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება.
ამასთან, დაუშვებელია ამ ორგანიზაციას ეწოდებოდეს უნივერსიტეტი, რადგან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არ შეიძლება იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებას ერთოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება ან გამოიწვიოს გაუგებრობა მეწარმე სუბიექტის საქმიანობის შესახებ.
და ბოლოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დასჯადია შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის გამოყენება ავტორიზაციის გარეშე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოგმართავთ თხოვნით, სწავლის გაგრძელების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევისას, დააზუსტოთ მის მიერ გაცემული დიპლომის აღიარების შესაძლებლობა.