საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ინგლისის სხვადასხვა სკოლების, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ბაზაზე არსებულ საზაფხულო სკოლებისა და არაფორმალური განათლების სასწავლო პროგრამების ქართველ მონაწილეებს შეხვდა.
ლია გიგაურმა მოსწავლეებისაგან მოისმინა ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს პროგრამები, მისაღებია თუ არა არაფორმალური განათლების ის მიდგომები, რასაც სკოლები მათ სთავაზობს და რაც მთავარია, მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკებები აწარმოა თითოეული პროგრამისა და სკოლის ხელმძღვანელობასთან. დაიგეგმა თუ როგორ შეიძლება გაფართოვდეს მომავალში არაფორმალური განათლების ეს პროგრამები, მათ შორის, როგორ შეიძლება პროგრამების ნაწილი გადმოვიდეს საქართველოში, მაგრამ მოსწავლეებს ჰქონდეს ზუსტად ისეთივე შედეგებზე გასვლის საშუალება, რასაც ინგლისის ტრადიციული საზაფხულო სკოლები და არაფორმალური განათლების პროგრამები სთავაზობს.
დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის გზები. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შეფასდა განვლილი პერიოდი და ორივე მხარემ აღიარა პროგრამების დახვეწისა და განვითარების საჭიროება, რათა არ გახდეს პროცესი ერთფეროვანი და რაც მთავარია, პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს. ვიზიტის პერიოდშივე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ხელს შეუწყობს პროგრამების განვითარებას და უფრო მაღალ დონეზე გადასვლას, ასევე გეოგრაფიული არეალის გაფართოებას და მოდელის საქართველოშიც გადმოტანას.