საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, იოჰანეს დუმას უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მინისტრმა ელჩს გააცნო ხედვები საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში არაფორმალური განათლების კომპონენტის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ჰოლანდიური პროექტის „ტოლერანტულობის სწავლება და სამოქალაქო განათლება“ ფარგლებში თანამშრომლობის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების, საერთო სტიპენდიების შეთავაზებისა და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების კუთხით.