საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის მართვის, ეკონომიკისა და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დაზღვევისა და რისკების მართვის სფეროს მიმართულებით მომუშავე წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ყაზახურმა მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოში დაზღვევისა და რისკების მართვის ინსტიტუტის დაფუძნების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც გიორგი შარვაშიძემ ყაზახურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მოქმედ იმ კანონმდებლობასა და ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცედურებზე, რომლებიც არეგულირებენ საქართველოს ტერიტორიაზე საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ძალიან მომწონს საქართველოში არსებული გარემო, და მინდა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო, რომ შექმნა საინვესტიციო სუფთა და მიმზიდველი გარემო. გვაქვს მოკლე და გრძელვადიანი თანამშრომლობის სტრატეგია. მოკლევადიანი თანამშრომლობა რისკ მენეჯმენტის ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს. აქ იმუშავებენ საერთაშორისო დონის პროფესორები სხვადასხვა ქვეყნებიდან. გრძელვადიან თანამშრომლობაში კი მოვიაზრებთ რისკ მენეჯმენტის, დაზღვევის და გადაზღვევის ხელშეწყობას, რაც უფრო მეტ ინვესტორს შემოიყვანს საქართველოში -განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის მართვის, ეკონომიკისა და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ჰომი მოტამედი.