საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბაქსვუდის საზაფხულო სკოლის მონაწილე ქართველ მონაწილეებს შეხვდა.
ლია გიგაურმა მოსწავლეებისაგან მოისმინა ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს პროგრამები, მისაღებია თუ არა არაფორმალური განათლების ის მიდგომები, რასაც ბაქსვუდის საზაფხულო სკოლა მათ სთავაზობს და რაც მთავარია, მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკებები აწარმოა სკოლის დირექტორთან თუ როგორ შეიძლება გაფართოვდეს მომავალში არაფორმალური განათლების ეს პროგრამა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რამდენიმე წელია ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამას” ახორციელებს, რომელიც ორ ქვეპროგრამას მოიცავს:” ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში”.
ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასელები, რომლებმაც წარმატება მოიპოვეს 13 საგნობრივ ოლიმპიადასა და სხვადასხვა კონკურსებში. ორას მოსწავლიან, 3-3 კვირიან 3 ნაკადში მონაწილეობას ჯამში 600 მოსწავლე იღებს, საიდანაც, დამატებით ირჩევა 36 მოსწავლე (12 თითოეული ნაკადიდან) და მიემგზავრება დიდ ბრიტანეთში 2 კვირიან ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში.
დიდ ბრიტანეთში გასამგზავრებელი მოსწავლეების შერჩევა ხდება ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა საქართველოში ჩატარებული ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში მიღწეული აკადემიური პროგრესი, აქტივობებში ჩართულობა, თანატოლებთან კომუნიკაციის უნარი, კრეატიულობა, დამოუკიდებლობა, დროის მენეჯმენტი, ლიდერული უნარ-ჩვევები და ა.შ. პროცესში თავად მოსწავლეებიც მონაწილეობენ და თავად აძლევენ ხმას გამორჩეულად წარმატებულ მონაწილეებს.
12 საუკეთესო მოსწავლეს რომელთაგანაც 4 თბილისს და 8 რეგიონს წარმოადგენს, ეძლევათ საშუალება უფასოდ გაიარონ 2 კვირიანი ინგლისური ენის გაძლიერებული კურსი ბრიტანულ ბაქსვუდში, რომელიც ლონდონთან ახლოს, ქალაქ ჰეისტინგში მდებარეობს.
ბრიტანულ საზაფხულო სკოლაში ყოველდღიურობა მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისოა. ადგილი, სადაც მოსწავლეები განათლების მიღებასთან ერთად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და დამოუკიდებლობას სწავლობენ, მეგობრებს იძენენ, სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებაში ერთვებიან და ასე ემზადებიან მომავალი წარმატებული ცხოვრებისათვის.
ინგლისური ენის გაკვეთილები 9:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე მიმდინარეობს. ახალი სიტყვებისა და გრამატიკის სწავლასთან ერთად მოსწავლეები სწორად მეტყველებასა და ტექსტის გააზრებასაც სწავლობენ. არჩევენ საინტერესო სტატიებს, უყურებენ ფილმებს, მსჯელობენ, ყვებიან თავიანთ ისტორიებს და საბოლოო ჯამში საგრძნობლად იუმჯობესებენ უცხო ენის ცოდნის დონეს.
გაკვეთილების შემდეგ არააკადემიური ნაწილის დრო დგება. ყოველი მომდევნო დღე წინასაგან განსხვავებული, თავისთავად გამორჩეული და დასამახსოვრებელია. მოსწავლეები გეგმავენ და მართავენ წარმოდგენებს, რომელშიც თითოეულ მონაწილეს ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა აქვს. სპორტული შეჯიბრებები თითქმის ყველა სახეობაში ტარდება, თუმცა ფეხბურთი მაინც განსაკუთრებულად, ანუ ბრიტანულად უყვართ. არის საჯინიბო და ცხენოსნობის კლუბი, სადაც ქართველი მოსწავლეები სიხარულით წევრიანდებიან, ჯირითობენ და უბრალოდ, კიდევ უფრო უყვარდებათ ცხოველები.
ბრიტანელი მასპინძლების მიერ ორგანიზებული ექსკურსიებიც საოცნებოა: მოსწავლეები სტუმრობენ ლონდონს, მსოფლიო მეგაპოლისს, სადაც სასახლეებისა თუ კულტურული ძეგლების დათვალიერებას, შოპინგს, სეირნობასა და მუზეუმებში ვიზიტსაც წარმატებით უთავსებენ. ქალაქ ისთბოურნში საჰაერო ფერად შოუს უყურებენ, ბრაიტონში უზარმაზარ აკვარიუმსა და თევზებს ათვალიერებენ და კიდევ მრავალი, მრავალი სხვა...
და მაინც, ყველაზე მთვარი აქ შეძენილი მეგობრები, შთაბეჭდილებები და ის ფასდაუდებელი გამოცდილეებაა, რომელიც ამ პროექტის მონაწილეების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.