ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორთა საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.
უცხოენოვანი და საერთაშორისოდ აკრედიტირებული პროგრამების განვითარების შესაძლებლობებზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დაფინანსების სისტემის განვითარების საჭიროებებსა და დუალური სწავლების ელემენტების შემოღებასთან დაკავშირებით, ვრცელი მოხსენება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გააკეთა.
სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის თავისებურებებზე, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედებასა და მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე დარჩიამ ისაუბრა. რის შემდეგაც სხდომა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა.
რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები.