ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის სხვა წევრები, მეცნიერები და განათლების სისტემის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მთელი რეგიონისთვის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი და მიზიდულობის ცენტრი გახდება. უნივერსი ტეტშისტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2019 წელს არის დაგეგმილი.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას ფონდი „ქართუ“სრულად დააფინანსებს. 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე გაშენდება და ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფს, რაც საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის სჭირდება.