განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ლევონ მკრტჩიანი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიასპორისა და საგარეო ურთიერთობების სამმართველოს დიასპორის განყოფილების უფროსი ბატონი კარენ მნაცაკანიანი.
სტუმრებს განთლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე და ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. მხარეებმა საკუთარი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემების შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
ცენტრმა წარმოადგინა პრეზენტაცია, ცენტრის მთავარი საქმიანობის - ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების გამოყენების შესახებ. ქართულმა მხარემ ისაუბრა შედეგის შეფასებასა და განვითარებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფორმირების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე. სომხური დელეგაცია განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ცენტრის დამოუკიდებლობის ხარისხით, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებით და პროგრამული აკრედიტაციის სისტემით, რომელსაც ამჟამად ნერგავენ სომხეთში და რომლის ქართული ანალოგის შესახებ ვრცლად ისაუბრეს შეხვედრაზე.
ასევე, განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისთვის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვისა და პროგრამების კლასტერულად შეფასების შესაძლებლობა. სტუმრებმა გამოთქვეს აზრი, კავკასიში ერთიანი სააკრედიტაციო სისტემის ჩამოყალიბებაზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას.