ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში, სმარტ-ლაბი (SMART|Lab) გაიხსნა. SMART|Lab-ი დაეხმარება ქართველ სტუდენტებს ჩაერთონ იმ საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევებში, რომლებიც იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარეობს. ასეთი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებისა და მეორეს მხრივ, ღრმა თეორიული ცოდნის ურთიერთგაზიარებას.
SMART|EDM_Lab-ში მიმდინარე სამუშაოები დაეხმარება ქართველ სტუდენტებს თანამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, რაც მოიცავს ელექტრონიკას, პროგრამირებას, კომპიუტერულ ტექნიკას, მექანიკურ და პროგრამულ ინჟინერიას, მონაცემთა სტატისტიკურ ანალიზს, ფიზიკური პროცესების მოდელირებას და სხვა. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის გამოყენება-ათვისება მოხდება კონკრეტულ აქტუალურ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობით, რაც თავისთავად უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერებს ჩაატარონ კვლევები და უფრო ღრმად შეისწავლონ, სამყაროს განვითარება დიდი აფეთქებიდან დღემდე.