სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება ეს არის საუკეთესო პრაქტიკა პროფესიულ განათლებაში, რომელიც წარმოადგენს იმ ტიპის სწავლებას, როდესაც ინდივიდი სწავლობს სხვადასხვა კომპანიებში მუშაობის პროცესში. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და უფრო მეტ საშუალებას იძლევა დაინერგოს ახალი, თანამედროვე სწავლება.
ქართული მდგომარეობის შესწავლის, საერთაშორისო გამოცდილების ანალიზისა და დამსაქმებლების გამოკითხვის შედეგად, 2015 წელს, საქართველოში დაინერგა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ახალი მოდელი, რომელიც გამომდინარეობს ქვეყნის სპეციფიკიდან და შეესაბამება ადგილობრივ სოციო-ეკონომიკურ გარემოს. საქართველოში დამსაქმებლების გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმრავლესობა მზად არის ჩაერთოს ზემოხსენებულ პროგრამაში.
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ახალგაზრდებში პროფესიული გამოცდილებისა და კარიერული მართვის უნარების განვითარებას. აქედან გამომდინარე, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმატს აქვს პოტენციალი, განავითაროს სამუშაო ძალა და შეუწყოს ხელი ახალგაზრდების დასაქმებას.