მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პედაგოგთა საზეიმო მიღება გაიმართა. 100-ზე მეტ წარმატებულ პედაგოგს პროფესიული დღესასწაული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მიულოცეს.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების მონაწილე პედაგოგები, ლიბერთი ბანკის წარმომადგენელმა 10 მასწავლებელი დააჯილდოვა კონკურსში „მსოფლიო მასშტაბური გაკვეთილი“ მოპოვებული გამარჯვებისთვის.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ასევე გამოვლინდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებული ლიტერატურული კონკურსის სამი გამარჯვებული მწერალი, რომელთაც ფულადი ჯილდო და საჩუქრები გადაეცათ.