თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ორდუს სოციალური მეცნიერებების სკოლის მიწვევით ქართულ-თურქული საგანმანათლებლო გაცვლითი კვირეული გაიმართა, რომელშიც ქ. ბათუმის კერძო სკოლა „გორდა“-ს პედაგოგებმა და მოსწავლეებმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ქ. ორდუს სოციალური მეცნიერებების სკოლა და ბათუმის კერძო სკოლა „გორდა“ (დირექტორი ნინო მურვანიძე) უკვე სამი წელია ახორციელებენ საინტერესო შემეცნებით და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ორი ქვეყნის მოსწავლეების, მასწავლებლების დაახლოებას და საგანმანათლებლო სისტემებში მიმდინარე პროცესების უკეთ გაცნობას ემსახურება.
ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარის წარმომადგენლები ორდუს სკოლის მუშაობის სპეციფიკას, მიღწევებს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. გაიმართა ერთობლივი კულტურული, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები. ასევე ვიზიტი შედგა ორდუს კერძო კოლეჯში, სადაც წარმოდგენილია სწავლების სამი საფეხური (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება - საბავშვო ბაღი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, პროფესიული კოლეჯი).
ქართულ დელეგაციას ოფიციალური მიღება მოუწყო ქალაქ ორდუს გუბერნატორმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბათუმის სკოლა „გორდას“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს ვიზიტისთვის და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის გეოგრაფიის და კატასტროფების რისკის შემცირების ექსპერტმა რუსუდან თევზაძემ და სკოლა „გორდას“ ინგლისური ენის პედაგოგმა მადონა ფუტკარაძემ საერთაშორისო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ თურქი მოსწავლეები. ინტეგრირებული გაკვეთილის სრულყოფილად გამართვაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სამინისტროს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძოდ, ASB -ს და Save the Children-ს, რომლებმაც თემატური საჩუქრებით უზრუნველყვეს თურქი მოსწავლეები.