საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც მოპოვებული გამარჯვებებისთვის სხვადასხვა პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მინისტრის მიერ 5 მოსწავლე საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, ხოლო 13 ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა.
„წარმატებული მოსწავლეების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ოლიმპიადებში ყოველწლიურად საქართველოს ნაკრები გუნდების მონაწილეობას აფინანსებს. საერთაშორისო ოლიმპიადებში, რომელიც მათემატიკაში (IMO), ფიზიკაში (IPHO); ინფორმატიკაში (IOI); ბიოლოგიასა (IBO) და ქიმიაში (ICHO) ჩატარდა, წელს 23 ქართველი მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან ერთმა ვერცხლის, ოთხმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ხოლო ექვსმა მოსწავლემ საპატიო სიგელი მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი -2000 ლარით, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი - 1000 ლარით დაჯილდოვდა.
ხაზგასასმელია, რომ ბოლო 7 წლის მანძილზე, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებს ოლიმპიადებში 3 ოქროს, 17 ვერცხლის, 59 ბრინჯაოს მედალი და 37 საპატიო სიგელი აქვთ მოპოვებული.
ინფორმატიკაში ეროვნული ტურნირი წელს ორ ეტაპად სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტურნირის შედეგად, 12 გამარჯვებული გამოვლინდა: I ადგილი (3 მოსწავლე), II (3), III (3) და 4 საუკეთესო ათეული. მოსწავლეები 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების, სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.