25.03.2010
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრის 64 კურსდამთავრებული მარტის ბოლოს შ.პ.ს. ”საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” დასაქმდება. სასწავლებელი, სადაც კუსდამთავრებულები სწავლობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ მოინახულეს. მათ ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრის ყოფილ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს და მუშაობის დაწყება მიულოცეს.
მინისტრის მოადგილის გიორგი ჩახნაშვილის განცხადებით, პროფესიული სწავლების ცენტრების განვითარება სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროფესიების დაუფლება, მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრი, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებს, მომსახურების, მრეწველობის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგებისათვის (სულ 16 პროფესიაში) სახელობო განათლების პროგრამებს ახორციელებს. ცენტრის პროგრამები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არის დამტკიცებული და ეს პროგრამები წარმატებით ხორციელდება.
პროფესიული სწავლების ცენტრთან თანამშრომლობენ არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზეციები, არამედ ბიზნესის წარმომადგენლებიც. მათი დაკვეთით, ცენტრი მოკლევადიან გადამზადების პროგრამებსაც ახორციელებს.
2009 წლის მარტიდან ელექტროშემკეთებლის, ზეინკალ—ელექტრიკოსისა და მქლორავ—ოპერატორის სპეციალობებზე ცენტრმა 90, ხოლო 2010 წლის იანვრიდან დღემდე ელექტროშემკეთებლის სპეციალობით 26 ახალგაზრდა მოამზადა.