ქალაქ ზუგდიდში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
სხდომა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე, უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული, შეჯერდა მოსაზრებები და მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები.
სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე, მინისტრი რექტორთა კორპუსთან ერთად, რეგიონალური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და სწავლების ინოვაციურ მეთოდებს გაეცნო.
ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, რექტორთა საბჭო ყოველთვიურად იკრიბება კონკრეტულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რაც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს უშულოდ გაეცნონ სხვა უნივერსიტეტების სასწავლო გარემოს, მათი სწავლების მეთოდებს და გაიზიარონ გამოცდილებები.