საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს შეხვდა და ბოლო პერიოდის სიახლეები გააცნო. კერძოდ, ისაუბრა ტექნოლოგიური და ელექტრონული სერვისებით სისტემის აღჭურვაზე, მცირეკონტინგენტიანი სკოლების დაფინანსებაზე, რეგიონების სკოლების ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე და სხვ. მინისტრის თქმით, ამ თვეების განმავლობაში, ის 13 ათასზე მეტ პედაგოგს შეხვდა და ზოგადი განათლების სფეროში არსებულ საჭიროებებზე, უშუალოდ მათგან მიიღო ინფორმაცია.
პრესკონფერენციაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლებას სისტემის პოლიტიკისგან გათავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია. ამასთან, პედაგოგთა მოქმედი სქემიდან უკვე ამოღებულია ე.წ. „მუქარა“, რომ თუ პედაგოგი სამი წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს პროფესიულ გამოცდას, სკოლას დატოვებს. შესაბამისად, მომავალში იარსებებს არა გამოცდა, არამედ პედაგოგის მიერ კვალიფიკაციის დადასტურება და სიტყვა ბარიერი საერთოდ გაუქმდება.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, პედაგოგთა და მოსწავლეთა შესაბამის დატვირთვაზე, მშობლებისა და პედაგოგების ერთობლივ მუშაობაზე, ინკლუზიურ განათლებაზე, გამოცდილების მისაღებად სისტემაში ახალგაზრდა პედაგოგების მოზიდვაზე, ბავშვთა ძალადობაზე, სისტემის გამჭვირვალობაზე და ყველა იმ თემაზე, რაც განათლებისა და მეცნიერების სისტემისთვის აქტუალურია.
ახალი სასწავლო წლიდან მნიშვნელოვანი სიახლეები გატარდა პროფესიულ განათლებაში, რადგან თუ აქამდე იყო 100, წელს დამატებით 50 ახალი პროფესია დაინერგა და გაიხსნა რამდენიმე ახალი სასწავლებელიც. უმაღლეს განათლებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა უცხოელი სტუდენტების ხელშეწყობამ. რაც შეეხება მეცნიერებას, მათთვის განხორციელდა როგორც უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ხელფასების მატება და ზოგადად, დაფინანსების გაზრდა.
მინისტრმა ჟურნალისტების ყველა შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ დაახლოებით 2-3 კვირაში ის საზოგადოებას ვრცელ სტრატეგიას გაუზიარებს, რომელშიც გაწერილია მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგებზე იმუშავებს სამინისტრო. ალექსანდრე ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ გატარდება კურსი, რომელსაც მისი შემდგომი მინისტრებიც აქტიურად გააგრძელებენ. პროცესი კი, იქნება გამჭვირვალე და მასში ყველა მსურველი ჩაერთვება.