19.11.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 19-20 ნოემბერს ყოველწლიური ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კონფერენცია ტარდება, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.
კონფერენციაზე მოხსენებები ხუთი თემატური მიმართულების ირგვლივ მიმდინარეობს:
- სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში - მიმართულება მოიცავს ტენოლოგიების სასწავლო გარემოში ინტეგრირების ნებისმიერ ასპექტს, ინოვაციურ მიდგომებს, მიმდინარე ტენდენციებს, სწავლა-სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო გამოცდილების მაგალითებს, ისტ სტანდარტების ინტეგრირებისა და სკოლაში ისტ-ის დანერგვის სტრატეგიებს და ა.შ.
- პროფესიული განვითარება - მოიცავს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა თუ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული სხვა პირების უნარების განვითარებას, ციფრული ეპოქის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად.
- მენეჯმენტი და ლიდერობა ისტ-ის დახმარებით - მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებში ტექნოლოგიების როლის შესახებ ხედვის ჩამოყალიბებასა და განვითარებას სხვადასხვა დონეზე; საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, შეფასებასა და პერსონალის ხელშეწყობას ისტ-ის დახმარებით.
- კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე - მოიცავს კვლევებს საგანმანათლებლო სივრცეში ტექნოლოგიების ინტეგრირების შესახებ.
- ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა - მოიცავს იმ ტექნოლოგიების, რესურსებისა და სტრატეგიების გაცნობას, რომელიც საჭიროა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისა და ადმინისტრირებისთვის.