საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთს ეწვია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საბერძნეთში განათლების, კვლევის და რელიგიის საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების დასრულება საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ენის სწავლების ნებართვასთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კოსტას ზურარისთან, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თანამშრომლობის მზაობა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ასპექტები განათლებისა და მეცნიერების სფეროში, მათ შორის საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებები.
შეხვედრისას ლია გიგაურმა მადლობა გადაუხადა ბერძენ კოლეგას დაწყებითი განათლების საფეხურზე ქართული ენის სწავლების პროგრამის პილოტირების დაწყების შესახებ დადებითი გადაწყვეტილებისათვის. თავის მხრივ, კოსტას ზურარისმა გამოთქვა მზადყოფნა ქართული ენის სწავლების პროგრამის გაფართოებაზე, სხვა ქალაქებსა და სხვა სკოლებში ქართული დიასპორის მხრიდან მზარდი მოთხოვნის შემთხვევაში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ მოინახულა ათენის 50-ე საჯარო სკოლა, რომლის ბაზაზეც მოხდება ქართული ენის სწავლების პროგრამის პილოტირება. ასევე, შეხვდა ქართველ მოსწავლეებს.
ლია გიგაური ასევე შეხვდა საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც საბერძნეთში საკვირაო სკოლებს და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამებს ხელმძღვანელობენ. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე შეკრებილ ქართული თემის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. ხოლო, მათგან მიიღო ინფორმაცია მოსწავლეების და ქართული საკვირაო სკოლების საგანმანათლებლო საჭიროებებზე. კოლეგებმა ასევე, იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე და დისტანციური განათლების საჭიროებაზე.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საბერძნეთში საქართველოს ელჩს იოსებ ნანობაშვილს, განათლების სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობისთვის გაწეული ინტენსიური სამუშაოებისთვის.