საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, ფართომასშტაბიანი ფორუმი გაიმართა სახელწოდებით: „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“.
საერთაშორისო ფორუმი 8-9 დეკემბერს ტარდება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ, ამასთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, შემოქმედებითი სექტორისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას.
ფორუმის ფარგლებში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებენ სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებსა და წარმატებულ გამოცდილებას. იმართება პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების და ახალი ტექნოლოგიების როლი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში, ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის განვითარების ინიციატივები, „შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი საქართველოში“ და სხვ.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსისა და საქართველოს დელეგაციათა ხელმძღვანელების მიერ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტის“ მიღება, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის რეგიონულ თანამშრომლობას.