ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის #4 საჯარო სკოლაში ყოველწლიურად იმართება წარმატებულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოვების ცერემონია, რომელიც მიმდინარე წელსაც გაიმართა და მას ბევრი საპატიო სტუმარი ესწრებოდა.
რუსთავის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, მიღწეული შედეგებით, გამორჩეულები არიან არა მარტო რუსთავში არამედ, საქართველოს მასშტაბით. სკოლა ღირსეულად იკავებს ერთ-ერთ საპატიო ადგილს წარმატებულ სკოლებს შორის.
დღევანდელ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურში წარმატებას მიაღწიეს. ზოგიერთი მათგანი საქართველოს და ბრიტანეთის საზაფხულო ბანაკებში მიიწვიეს. დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა საქალაქო კონკურსებსა თუ, პროექტებში. დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე საბუნებისმეტყველო საგნებში მიიღეს უმაღლესი შეფასებები და სხვ.
საზეიმო ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ წარმატებული მოსწავლეების პედაგოგებიც, ხოლო მოსწავლეთა მშობლებს გადაეცათ მადლობის ბარათები.
ალექსანდრე ჯეჯელავამ მიღწეული შედეგები მიულოცა თითოელ მოსწავლეს, მათ პედაგოგებს, მშობლებს. მინისტრმა გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა სკოლის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებს და მათ მომავალი წარმატებები უსურვა.
„ვიმედოვნებთ, მინისტრის დასწრება ასეთი ტიპის ღონისძიებაზე იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რაც მეტ მოტივაციას შეუქმნის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა მამუკა ხამხაძემ.