საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, უსაფრთხოების გაკვეთილს დაესწრო. ალექსანდრე ჯეჯელავა და გიორგი მღებრიშვილი თბილისის 176-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებულ უსაფრთხოების გაკვეთილს დაესწრნენ.
პროექტი - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 42 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. გაკვეთილებს მოსწავლეებისთვის საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და „112“-ის წარმომადგენლები ატარებენ.
გაკვეთილზე სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი გზამკვლევის პრეზენტაცია მოეწყო. სახელმძღვანელოში მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის საგზაო მოძრაობის წესები და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის ნორმები ადაპტირებული სახითაა წარმოდგენილი.
მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, 10 გაკვეთილი ჩაუტარდებათ. შსს-ს წარმომადგენლები მოზარდებს კრიზისულ ვითარებაში - მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს ქცევის წესებს და უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს შეასწავლიან.
სასწავლო პროგრამის მიზანია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება.