საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა ახლადარჩეულ საბჭოს წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მუდმივმოქმედი საბჭო საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებმა, საგანმანათლებლო სისტემის ინტერესთა ჯგუფების გათვალისწინებით, პირველად აირჩიეს.
საქართველოს განათლების სისტემა რეფორმების აქტიურ ფაზაშია, ცვლილებები ხორციელდება ზოგადი განათლების მიმართულებითაც. შესაბამისად, აუცილებელია მუდმივი კონტაქტი სკოლის წარმომადგენლებთან, მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებები ახალ ხედვებთან და დასახული მიზნების მიღწევის გზებთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სკოლის დირექტორთა მუდმივმოქმედი საბჭო. საბჭოს წევრი დირექტორები შემდეგი პრინციპით შეირჩნენ:
• რეგიონალიზმი: დედაქალაქი, დიდი ქალაქები, ადმინისტრაციული მხარეები;
• იურიდიული სტატუსი: საჯარო და კერძო;
• სპეციალიზაცია: ინკლუზიური განათლება და პროფილური სკოლები;
• ეროვნული უმცირესობები;
• მცირეკონტიგენტიანი სკოლები.
საბჭოს საქმიანობის ფორმატია ინფორმაციის გაცვლა, პროცესებში ჩართულობა, პრობლემების გადაწყვეტის გზების შეთავაზება, რეფორმების პროცესში თანამონაწილეობა, განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შეფასება და სხვა...
დირექტორთა მუდმივმოქმედი საბჭო, როტაციის წესით იმუშავებს, სისტემატიურად შეხვდება მინისტრს და ზედა დონის მენეჯმენტს, რათა უფრო აქტიური გახდეს თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სკოლებსა და სამინისტროს შორის.