საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია, ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და მინისტრის სახელით, მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთებიც დაათვალიერა და დამზადების პროცესსაც გაეცნო.
მე-200 სკოლა-პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 89 მოსწავლე სწავლობს, მათგან 60 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს, მათი ნაწილი არდადეგების დღეებსაც სკოლა-პანსიონში ატარებს. ლია გიგაურს სწორედ ამ მოსწავლეებმა უმასპინძლეს.
სპეციალიზირებულ სკოლებში მოსწავლეები ინდივიდუალური, მათ საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამით სწავლობენ. გარდა სასწავლო პროცესისა, სამინისტრო ზრუნავს ამ სკოლების ინფრასტრუქტურაზეც. გასულ წელს მე-200 სკოლის ეზოსა და პანსიონში სარემონტო სამუშაოები დასრულდა, პანსიონი სრულიად განახლდა, კეთილმოეწყო და თანამედროვედ აღიჭურვა.