საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCD) პრეზიდენტთან, პროფესორ ენდრიუ დიკსსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების გზებს.
ირლანდიის საუნივერსიტეტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს (UCD) შორის, რაც ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესში მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით ქართველი სტუდენტების მომზადების ხელშეწყობას.
აღნიშნული მემორანდუმი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველო-ირლანდიის საგანმანათლებლო ურთიერთობებში და საშუალებას მისცემს ნიჭიერ ქართველ სტუდენტებს დაეუფლონ სასურველ სპეციალობებს, გაიღრმავონ ცოდნა და პროფესიული გამოცდილება. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათებს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაირიცხებიან.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.