მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო ელექტრონული გამომცემლობის „ელსევიერის“ ბაზაში, ორი ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი: „ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ნაშრომები“ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე” განთავსდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მეცნიერების ნაშრომები ხვდება უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
ელექტრონულ პლატფორმაზე განსათავსებლად, ზემოაღნიშნული ჟურნალები „ელსევიერის“ წარმომადგენლობამ, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით, მაღალი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სტანდარტების შესაბამისად შეარჩია.
რუსთაველის ფონდის კომპანია „ელსევიერთან“ წარმატებული პარტნიორობის შედეგად, საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. მეცნიერებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არა მხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ, შრომების სრული ვერსიების დონეზეც. გარდა ამისა, შესაძლებელია ციტირებისა და სხვა ბიბლომეტრული ინფორმაციის მოპოვება. შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ასევე მიიღო წვდომა (SciVal Funding™ ) მეცნიერთა და სამეცნიერო პროექტების დაფინანსებისა და რეცენზენტთა საძიებო ბაზებზე.