21.02.2017
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (FabLab Iliauni) მიერ ჩატარებული მეიქათონის „შენი სტარტაპ იდეა რეალობაში“, მორიგი გამარჯვებულია პროექტი „კვარკი“ – ბურთი, იგივე გიდი, რომელიც სასურველი ადგილის ან, ნივთის მოძებნაში გვეხმარება. პროექტის ავტორები არიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლანა რეხვიაშვილი და ანა ლომაშვილი, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკატერინე დადიანი.
„კვარკის“ ამჟამინდელ პროტოტიპს მცირე ზომის სამართავი პულტი აქვს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეჰყავს მისთვის სასურველი ნივთისა თუ, ადგილის პარამეტრი. პულტი იღებს ბრძანებას და გადასცემს „კვარკს“, ბრძანების მიღებამდე „კვარკი“ ლურჯია, ბრძანების მიღების შემდეგ ფერს იცვლის და მწვანდება, ბრძანების შესრულების შემდეგ კი, როცა სასურველ ადგილს ან ნივთს მიაგნებს, წითლდება. კვარკი წითელია მანამ, სანამ მომხმარებელი არ მივა დანიშნულების ადგილას, შემდეგ კი უფერულდება. ფერის ცვლილება ამარტივებს მომხმარებელსა და „კვარკს“ შორის კომუნიკაციას. გოგონები მომავალში „კვარკის“ პროტოტიპის განავითარებას და ბევრ სხვა ახალ პროექტზე მუშაობას გეგმავენ.