თბილისის 51-ე საჯარო სკოლა უერთდება მთავრობის ინიციატივას, რომელიც სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ითვალისწინებს და იწყებს სასკოლო ოლიმპიადას სპორტის 12 სახეობაში. ტურნირები ერთი თვის განმავლობაში გაიმართება და მასში სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთვება. ოლიმპიადა დღეს საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას და რამდენიმე სპორტულ ღონისძიებას დაესწრნენ - საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და ოლიმპიური ჩემპიონები.
სპორტი არის როგორც გუნდურობის, ასევე ხასიათის სიმტკიცის, ჯანსაღი ცხოვრების ჩვევების ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალება. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, სპორტული ცხოვრება მოზარდებში პოპულარული გახადოს და უფრო მეტი მოზარდი დაკავდეს სპორტით. სკოლებში ამოქმედდება მრავალფეროვანი სპორტული წრეები, სისტემატურად ჩატარდება შეჯიბრებები. სკოლებთან ითანამშრომლებენ სპორტული ფედერაციები. სკოლის ხელმძღვანელობა იზრუნებს სპორტის სხვადასხვა სახეობის ჩემპიონებთან მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებაზე, გადამზადდებიან ფიზკულტურის მასწავლებლები.