საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მშობელთა კლუბების წევრ, აქტიურ მშობლებს შეხვდა, დედის დღე პირადად მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ. შეხვედრაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ ხაზი გაუსვა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა როლის მნიშვნელობას, ყველა მშობელს გააქტიურებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სამინისტროს კარი მათთვის ყოველთვის ღიაა.
მშობლებმა თავის მხრივ, მინისტრს სკოლებთან თანამშრომლობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს ამ მიმართულებით რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ და რით ეხმარებიან შვილებსა და სკოლებს.
ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველად, მოსაწავლეთა მშობლების მოსმენა და მათთან ერთად, პრობლემური საკითხების მოგვარება დაიწყო. პერიოდულად იმართება მშობლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრები, სადაც მათ საშუალება აქვთ ისაუბრონ სასკოლო ცხოვრების როგორც დადებით ისე, პრობლემურ საკითხებზე, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, მიიღონ ინფორმაცია ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სიახლეებზე.
სამუშაო შეხვედრები მშობლებთან სისტემატიურად გაიმართება, ყველა მშობელს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა და აქტიურად ჩაერთოს შვილების განათლების პროცესში.