მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, დაბა ბაკურიანში სასკოლო არდადეგებზე მყოფი 300 მოსწავლე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოინახულა. მინისტრი მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ რამდენიმე სპორტულ ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.
სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც სასკოლო არდადეგების პერიოდში მომავალშიც განხორციელდება, ემსახურება მოსწავლეების თვალსაწიერის გაფართოებას, მათ ჩართვას სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, თანატოლების გაცნობას და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროგრამა მოსწავლეებს მოტივაციას გაუჩენს უფრო აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, დაინტერესდნენ სპორტის სახეობებით და ბანაკებში შეძენილი უნარ-ჩვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენონ, გაუწიონ სპორტს პოპულარიაზაცია თანატოლებში. სწორედ მოსწავლეების გააქტიურება და ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდაა პროექტის მთავარი მიზანი.