საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის რა სახის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ გაქვთ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების შესახებ, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე. საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები შესაძლოა ითვალისწინებდეს სწავლებას როგორც უმაღლესი დაწესებულებების სამ საფეხურზე (ბაკლავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა), ასევე საკვალიფიკაციო კურსებს საჯარო მოხელეებისთვის და საზაფხულო მოკლევადიან პროგრამებს (summer school), რომელთა შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://mes.gov.ge/content.php?id=218&lang=geo ;
სხვადასხავა სახის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ასევე სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: http://iec.gov.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამებიდან ცალკეული პროგრამა ითვალისწინებს უშუალოდ საქართველოსთვის მინიჭებულ განსაზღვრულ კვოტას; ასეთია მაგალითად, სლოვენიის მთავრობის მიერ გამოცხადებული სტიპენდიები. კვოტა ითვალისწინებს 3 სტიპენდიას საქართველოს მოქალაქეებისთვის.
კვოტით გათვალისწინებული სტიპენდიის მოსაპოვებლად რა ეტაპებია გასავლელი?
პირველი ეტაპისთვის საჭიროა სამინისტროში საბუთების წარდგენა, რომლის შემდეგაც ინიშნება გასაუბრება სამინისტროში სასტიპენდიო კომისიასთან. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების სია მიეწოდება იმ ქვეყნის უწყებას, რომელიც აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას.
რა დოკუმენტაციაა წარმოსადგენი ასეთ შემთხვევაში?
ეს არის ძირითადად: სამოტივაციო წერილი, მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები (CV), სარეკომენდაციო წერილი, დიპლომის ასლი შეფასების ფურცელთან ერთად. (ცალკეული სტიპენდიების სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს შეიძლება დაემატოს სხვა ტიპის დოკუმენტი, მაგ: ჯანმრთელობის ცნობა ან პასპორტის ასლი.)