საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის განხილას აგრძელებს. სამუშაო შეხვედრა ამჯერად, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გაიმართა.
კანონპროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტების განხორციელებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ დაინტერესებული მხარეები და სამინისტროს სოციალური პარტნიორები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი შეიქმნა როგორც ადგილობრივი კონტექსტის, ასევე, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით.
დოკუმენტი უკვე ერთი თვეა განთავსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს, მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით, წარმოადგინოს წინადადებები და მოსაზრებები მისი გაუმჯობესების მიზნით.