მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მიიღო.
ღონისძიებაზე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ფრანგულენოვანი კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეები და სტუდენტები დაჯილდოვდნენ. ასევე, დასახელდა 2 ფრანგული ენის პედაგოგი, რომლებიც საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიით საფრანგეთში, მოკლევადიან პედაგოგიურ სტაჟირებაზე გაემგზავრებიან.
ღონისძიებას საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში დიდიე ლერუა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი და დიპლომატიური მისიების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებების ფრანგული ენის პროფესორ-მასწავლებლები, მათი მოსწავლეები და სტუდენტები.
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია 57 წევრ და 20 დამკვირვებელ ქვეყანას (მათ შორის საქართველოს) აერთიანებს. გაეროს წევრი ქვეყნების მოსახლეობის ერთი მესამედი ფრანგულ ენაზე მეტყველებს, ხუთივე კონტინენტზე კი, 220 მილიონზე მეტი ადამიანი მეტყველებს ფრანგულად. ფრანგულენოვანი მოსახლეობა, გერმანულენოვანი მოსახლეობის შემდეგ, ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანია.