საქართველოს მთავრობა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ქართული ენის დისტანციურად შესწავლას სთავაზობს. ამ პროექტის ფარგლებში, დისტანციური სწავლების პედაგოგთათვის სპეციალური პროგრამა შემუშავდა. განხორციელდა მათი თეორიული და ტექნიკური გადამზადება, ჩაუტარდათ იმიტირებული საჩვენებელი გაკვეთილები, მათ მიერ შეფასდა სწავლების ფორმა და მეთოდი. ჩატარებული ტრენინგები გაანალიზდა, სუსტი/ძლიერი მხარეები გამოვლინდა. ამის შემდეგ, ტრენინგები უფრო დიდ მასშტაბებს მოიცავს. მომდევნო ეტაპზე უკვე გადამზადებული პედაგოგებიც შეძლებენ ტრენინგების ჩატარებას.
პროექტი საპილოტე რეჟიმში პირველად, დიდი ბრიტანეთში განხორციელდა და დიდი ინტერესიც გამოიწვია. ამან პროექტის მასშტაბების გაზრდა და მასში სხვა ქვეყნების ჩართვაც განაპირობა. აპრობირებული პროგრამა, გადამზადებული, კვალიფიციური პედაგოგები არის გარანტი იმისა, რომ პროექტი წარმატებით დაინერგება და ყველა მსურველს შესთავაზებს მაღალი ხარისხის მომსახურებას.