საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, დღეს ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა და პირველი გაკვეთილები ჩატარდა.
შეთანხმების თანახმად, ამიერიდან, გაკვეთილები კვირაში 2-ჯერ დღის მეორე ნახევარში ჩატარდება. ათენის 50-ე საჯარო სკოლის ქართველი მოსწავლეების ბაზაზე, (პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სულ 14 ქართველი მოსწავლე) 2 ჯგუფი დაკომპლექტდა. სასწავლო პროცესს წარმართავენ ათენში არსებული საკვირაო სკოლებიდან შერჩეული მასწავლებლები - ხათუნა ლობჟანიძე და მადონა ჯავახიშვილი.
საპილოტე პროგრამის წარმატების შემთხვევაში, საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, განიხილება ქართული ენის სწავლება მაღალი კლასების ქართველი მოსწავლეებისთვისაც. ქართული ენის საპილოტე პროგრამის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში დგას თესალონიკის საჯარო სკოლებშიც.