რუსთავის პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ პროფესიულ პროგრამებზე მსურველთა მიღებისთვის ემზადება. რეგისტრაციის პროცესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრნენ, ისინი ასევე შეხვდნენ ღია კარის დღეზე მოსულ სკოლის მოსწავლეებს. ქეთევან ნატრიაშვილმა აქვე დააანონსა, რომ სამინისტრო მიმდინარე წლის მაისიდინ იწყებს კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას.
შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის ცოდნასა და უნარებს პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ სტუდენტს აძლევს. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი კი, 60%-ია.
განახლებული სასწავლო პროგრამებით, „მოდუსში“ სტუდენტები 15 სპეციალობას ეუფლებიან. სასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობს კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთანაც, ”მოდუსში” მსურველები შემდეგ მოთხოვნად პროფესიებზე შეძლებენ სწავლას: სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი, მდნობელი, შემდუღებელი, მღებავი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი, ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ოსტატი, ინფორმაციული ტექნოლოგი, ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი), ბუღალტერი, მასაჟისტი, მკერავი. საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრაციას მსურველები
8 აპრილის ჩათვლით შეძლებენ.