ქალაქ დუბაიში სამდღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა დასრულდა. გამოფენაზე, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გვერდით, ღირსეული ადგილი ქართულ უნივერსიტეტბსაც ეკავა. პროექტით "ვისწავლოთ საქართველოში" პირველი გასვლა საერთაშორისო ფორუმზე, წარმატებული აღმოჩნდა. ქართული სტენდი, შეთავაზებული პროგრამები დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევდა. შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების უცხოენოვან პროგრამებზე 600-მდე უცხოელი დარეგისტრირდა, არაერთი აგენტი დაინტერესდა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, რამდენიმე მემორანდუმზე იქვე განხორციელდა ხელმოწერა.
მომდევნო ეტაპზე მოლაპარაკებები აგენტებთან და თითოეულ აპლიკანტთან ინდივიდუალურად გაგრძელდება და ბევრი დარეგისტრირებული უცხოელი ქართული უნივერსიტეტების რეალური სტუდენტი გახდება.
გამოფენაში საქართველოს მონაწილეობამ ნათლად აჩვენა, რომ აუცილებელია ანალოგიურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვა, ეს არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობის გაზრდის, უცხოელი სტუდენტებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის.